ღარიბაშვილი: წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება

289

სწორად მიმართული ინვესტიციებით გავაუმჯობესებთ სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი.

„2012-დან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ასევე, მანამდე, შედარებისთვის, მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მათ დროს, 2007-12 წლებში აშენდა მხოლოდ 68 კმ. გზა. მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი.

„განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს წელსვე 500 მილიონ ლარს. ეს ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელს და შემდეგ, მომდევნო წლებში. 430 კმ-იანი მაგისტრალი 2030 წლისთვის, რა თქმა უნდა, იქნება დასრულებული.

წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, იქნება 4 საათი“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.