ხაზარაძე: დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება!

323

დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება! – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიზნესს სერიოზული ეკონომიკური რეფორმა სჭირდება.

მამუკა ხაზარაძემ გიორგი ვაშაძეს შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივად იმუშაონ.

„აქ გაიჟღერა, რომ კარგად იმართა პანდემია და ნასესხები ფული კარგად იქნა დარიგებული, თითქოს შვება იგრძნო ხალხმა. ეს იყო ყველაზე ცუდი მენეჯმენტი რაც შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებით ვინმემ ნახოს. არანაირი სტიმული ამას ადამიანებისთვის არ მიუცია გარდა იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, 200 ლარით გაგეჩუმებინათ ამბოხებული და გაჩერებული ეკონომიკის მონაწილეები.

რაც შეეხება ბატონი გიორგის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა ბიუჯეტი, ძირითადად სულ მიდის ამ პატარა ბიუჯეტის „პატარა ტორტის“ გადანაწილება და სულ იმაზეა საუბარი ეს პატარა, ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი როგორ დავანაწილოთ. არავინ არ ლაპარაკობს როგორ გავზარდოთ ეს ბიუჯეტი და როგორ შევქმნათ „დიდი ტორტი“.

ასეთი დამოკიდებულება ერთის მხრივ კრიზისის დროს კარგია, მაგრამ თუ ამას ეკონომიკური დასაბუთება არ აქვს რა რესურსით ვაფინანსებთ ამას? ვისესხოთ ფული დავაფინანსოთ ერთი სექტორი ბიზნესის. დავაფინანსოთ ის ბიზნესი, რომელიც დღეს ამუშავდა. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ბიზნესს საჩუქარი არ სჭირდება. ბიზნესს სხვა რაღაც სჭირდება, სერიოზული ეკონომიკური რეფორმა და თავის თავს თვითონ მიხედავს. ამიტომ 200 ლარს, რომ ეკონომიას გააკეთებს თავისი თანამშრომლის ხელფასზე პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას სჯობია სხვა რაღაც გავაკეთოთ 200 მილიონად ისეთი რამ გავაკეთოთ, რომ ადამიანებს 750 ლარი კი არ ქონდეთ ხელფასი არამედ, 1500 ლარი.

მე გთავაზობთ ბატონო გიორგი, თქვენ ასევე პრობიზნესური პარტია ხართ, გთავაზობთ სხვა გამოსავალს, რომ თუ გვინდა ეს ტორტი გავზარდოთ და შემოსავალი გავზარდოთ, გამოსავალი არის, რომ საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ქვეყანაში იქნას დაწეული. თუ ჩვენ საშემოსავლო გადასახადს 20 პროცენტით დავწევთ და ეს უკვე მსჯელობის საგანია 15-დან 18%-მდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიიღებს მშპ-ს დანამატს და შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში.

მე მზად ვარ ამ პროექტში თქვენთან ერთად სერიოზული შრომა გავწიო, თუნდაც დაჩქარებული წესით, მთავრობასაც ვუთხრათ, რომ ეს არის გამოსავალი, თუ 15%-მდე დავწევთ საშემოსავლო გადასახადს გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან ბევრი ჩრდილი, რომელიც დღეს ეკონომიკაშია გათეთრდება და საბოლოო ჯამში დიდ შემოსავალს მივიღებთ ბიუჯეტში. ნება მიბოძეთ, რომ ამ წინადადებაზე თავი შევიკავო რადგან ვერ ვხედავ ეფექტს, თუ რა ეფექტი ექნება ეკონომიკისთვის და კონკრეტული იმ ბიზნესისთვის რომლისთვისაც ეს არის წარმოდგენილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.