ქუთაისში მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე” ჩატარდა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ფორუმის მონაწილეებმა ქუთაისის ურბანულ, ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქუთაისი ასევე კარგი მაგალითია პანდემიის დროს წარმოქმნილი სხვადასხვა სირთულეების წარმატებულად მართვის კუთხით.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. უდავოა, რომ ქალაქს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი და მას აქვს საშუალება იყოს ჰაბი და ცენტრი, როგორც ურბანული განვითარების მხრივ, ასევე ტურიზმის სფეროშიც“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის დირექტორმა შეინ როზენტალმა.
„ქუთაისი არის ერთ-ერთი ნოვატორი ქალაქი, ასევე ინიციატორი და ახალი იდეების აქტიური მხარდამჭერი. ქუთაისს შეუძლია თავისი კარგი გამოცდილება გაუზიაროს მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით პანდემიის დროს სხვადასხვა საჭიროებების მართვის საქმეში“, -აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა.
საქართველოში USAID -ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კონფერენციის მნიშვნელობასა და ქუთაისის პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საკითხები, რომელიც ამ ფორუმზე განიხილეს სწორად და დროულად იყო შერჩეული, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე.
„ჩვენთვის დიდი პატივია გავაგრძელოთ მხარდაჭერა და თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო ფორუმთან. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ დემოკრატიული განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ის საკითხები, რომელიც ამ ფორუმზე იქნა განხილული, იყო სწორად და დროულად შერჩეული, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე“, – განაცხადა დევიდ ჰოფმანმა.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი 2019 წელს დაარსდა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)” და USAID პროგრამის „კარგი მმართველობის ინიციატივა”-სთან (GGI)” ერთად.