IDFI: რეგულაციების დარღვევებზე ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული

533

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ IDFI უარყოფითად აფასებს კორონავირუსის რეგულაციების დარღვევებზე დაანონსებულ ამნისტიას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ 24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ Covid რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, ჩამოწერილი იქნება ყველა ჯარიმა და შეწყდება ყველა მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა.

საქართველო კვლავ ებრძვის პანდემიას, ამ პროცესში შეზღუდვების კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად დადგენა და მათი აღსრულება, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა. ამნისტიის გამოცხადებით სახელმწიფო თავადვე აკნინებს მის მიერ გამოყენებული ან/და მომავალში გამოყენებადი შეზღუდვების ლეგიტიმურობას.

ვაქცინაციის მიმდინარე ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველო კვლავ დადგება შეზღუდვების დაწესების საჭიროების წინაშე. ამნისტიის გამოცხადება მნიშვნელოვნად წაახალისებს Covid რეგულაციების დარღვევის ფაქტებს მომავალში, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოსგან რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას გამოიწვევს. აღნიშნულს, გარდაუვლად მოჰყვება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტები.

პანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციის თვალსაზრისით არაერთი პრობლემა ვლინდება, ხოლო ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის Covid რეგულაციების დასაწესებლად საჭირო უფლებამოსილების გაგრძელებას. ამ პირობებში, ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

IDFI-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Covid რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების თვალსაზრისით მრავალი პრობლემა არსებობს, რომლებიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. მაგალითად, ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ათი ათასობით უკანონო ჯარიმაა გამოწერილი. თუმცა ამნისტია წარსულისკენ მიმართული აქტია და იგი სისტემური პრობლემების პრევენციას ვერ მოახდენს. მეტიც, მაღალია ალბათობა, რომ სამომავლოდ იგი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არსებული პრობლემების გამწვავებას. თუ სახელმწიფოს სურს, პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პრევენცია და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, მან ამისთვის პრევენციული და შემდგომი რეაგირების ეფექტური მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიური პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.