ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარიმო სანქციების ამნისტია მომხდარიყო.
„ეს გადაწყვეტილება მიიღება გუნდური გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა და საბჭომ ერთობლივად ჩათვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კერძო სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებთან ერთად მომხდარიყო საჯარიმო სანქციების ამნისტია.
არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვაკვირდებით თუ რამდენად მოტივირებული არის მთავრობა, რომ ავწიოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო და დასჯითი სანქციები, არამედ ეფექტური მართვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიური პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.