ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად რეკომენდაციები კვლავ დაიცვან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ყურადღება პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებას გაუსვა.
„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარებს ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ არის. ნიღბის გამოყენება კვლავ აუცილებელია დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე.