ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებს.
„იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან იცავს, როდესაც დღეს არ გვაქვს ვაქცინა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ნამდვილად ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, ომბუდსმენის თქმით, კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემოღებასა და გაუქმებაზე, არ არის დასაბუთებული.