კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ

854

ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს – კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“18 ახალი ბაღიდან ერთ-ერთია N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე. შეიძლება ითქვას, ეს ბაღი არის მაგალითი იმ სტანდარტისა, რომელზეც ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების წარდგენაზე ვსაუბრობდი.

აქ დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება, დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია ლიფტი როგორც ეტლით მოსარგებლეებისთვის, ასევე ტექნიკური ლიფტი პერსონალისთვის. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისთვის. საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში მოსულ აღსაზრდელებს სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

„მე, როგორც ოთხი შვილის მამას, ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ თანამედროვე სტანდარტები ბაღებისთვის ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. შეგიძლიათ, ნახოთ როგორი სისუფთავე, დიზაინი, კვებაა ჩვენ მიერ აშენებულ ბაღებში. ასევე, მოხდა ავარიული ბაღების დემონტაჟი და ზოგ შემთხვევაში გამაგრება-რეაბილიტაცია. ის, რომ ყოველწლიურად საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რიცხვი იზრდება, მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბავშო ბაღებში მოსულ პატარებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.