85-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც თბილისის მერია გარეგანათების სისტემას ყიდულობდა, ჩაიშალა

413

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩაიშალა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სამი ტენდერი, რომლითაც, ჯამში, 85 მილიონი ლარის ღირებულების LED გარე განათებების შესყიდვა იგეგმებოდა. შესყიდვის ჩავარდნა, სავარაუდოდ, მისმა არასტანდარტულმა პირობებმა გამოიწვია. ამის შესახებ ბიზნესმედია წერს.

გარე განათების ტენდერები 3 ნაწილად იყო დაყოფილი, მერია 28.4 მლნ ლარის, 27.7 მლნ ლარის და 29.3 მლნ ლარის ღირებულების 100,000 LED განათებას ყიდულობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო, პროდუქცია წელს მიეწოდებინა, თუმცა “თბილსერვის ჯგუფი” ამ პროდუქციის საფასურს 10 წლის ვადაში გადაიხდიდა.

თავდაპირველად, თითოეული ამ ტენდერის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიონით მაღალი იყო და მათი ჯამი 101 მილიონ ლარს შეადგენდა. განახლებული პირობებით კი “თბილსერვის ჯგუფი” ამ გარე განათებების შესყიდვაში 85 მილიონ ლარს იხდიდა, თუმცა არცერთმა კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა არ ისურვა.

ტენდერის არასტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ იურიდიულ ფირმა BDO Legal-ში შენიშვნები გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შესყიდვა ტენდერში მონაწილეობის მსურველთა კითხვის ნიშნებს აჩენდა.