პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება – კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წლის ბოლომდე გაიმართება შეხვედრები, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბებაზე.
პარალელურად, იმუშავებენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტური ჩართულობით, თუ როგორ წარიმართოს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი.