შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდირებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა დახურულ შენობებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ოქროს შუალედი უნდა შევინარჩუნოთ და დანის პირზე ვიაროთ. „ერთის მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდვითარება და მეორეს მხრივ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, რადგან გასაგებია რომ ტურისტული სეზონია და ბევრი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.