საია, ISFED, სამართლიანი არჩევნები არჩევნებზე: პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები

314

იქ, სადაც ბიულეტენების მეტობასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, გადათვლა უნდა მომხდარიყო. 2013 წლიდან ვაკვირდები არჩევნებს და ამდენი მეტობა შემაჯამებელ ოქმებში არ გვინახავს, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საია-მ არჩევნების პირველი ტურის მონაცემები 109 უბანთან გაასაჩივრა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 უბანი გადაითვალა და 78 უბანი, სადაც ბიულეტენების მეტობის პრობლემა იყო არ გადაუთვლიათ, „რაც მიგვანიშნებს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაციას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან და აღიქმებოდნენ, როგორც „ზეწოლის ფაქტორი“. ამის შესახებ მან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე პრობლემურად მივიჩნიეთ წინა არჩევნების დროს ის, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან, მანამდე, წინა არჩევნების პერიოდში იყო კოორდინატორების მობილიზება, თუმცა, ამ არჩევნებზე სხვა ტიპის ადამიანების მობილიზებაც იყო, რაც პრობლემურია და ზეწოლის ფაქტორს ქმნის. ეს აღიქმება ზეწოლის ფაქტორად, როდესაც უბანზე მიდიან, სადაც თავისუფალი გარემო უნდა იყოს“, – აღნიშნა დოლიძემ.

როგორც დოლიძე დასძენს, ისინი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევდნენ დათვლის და შედეგების შეჯამების დროს გამოვლენილ ხარვეზებსაც.

„როგორც აღნიშნეთ, ყველაზე პრობლემური იყო დისბალანსები შემაჯამებელ ოქმებში, როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაკლებობა არანაკლები პრობლემაა. ასევე, შემაჯამებელი ოქმების შესწორებები, რომელიც არამხოლოდ უბნებზე ხორციელდებოდა, ასევე საოლქო საარჩენო კომისიებში და საკმარისად არ იყო დასაბუთებული, მხოლოდ ახსნა-განმარტებებს ეფუძნებოდა. ასევე პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები, რომელიც ჩაითვალა როგორც ჩვეულებრივ შემაჯამებელ ოქმებად“,- აღნიშნავს დოლიძე.

როგორც დოლიძე აცხადებს, მათ მიერ გამოვლენილი პრობლემების შესახებ ცესკო-ს მიმართეს, თუმცა, მისი თქმით, „პრობლემა იყო ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ფორმალური მიზეზით უარი ეთქვათ განხილვაზე, ვიდრე იქ არსებული პრობლემები განეხილათ“.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საარჩევნო ადმინისტრაციას პასუხები არჩევნების შემდეგ უნდა გაეცა და ამის ამდენი ხნის შემდეგ გაკეთება ვეღარ უზრუნველყოფს იმ ნდობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდა ყოფილიყო.

როგორც დოლიძემ საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, მაშინ როდესაც არჩევნებზე 3800 უბანი იყო, სრულ სურათს ვერ შექმნის.

„უკვე საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩევნებს პასუხი გასცემოდა მაშინვე. ჩვენ გვქონდა ლეგიტიმური კითხვები. ამიტომ ამდენი ხნის შემდეგ პასუხის გაცემა ვეღარ უზრუნველყოფს იმ ნდობას, რომელიც უნდა ყოფილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი მომხდარიყო მაშინ, როდესაც არჩევნები ჩატარდა. ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციას და კომისიებს. ახლა 20 უბნის გადათვლა ვერ მოგვცემს სრულ სურათს, როდესაც სულ 3800 უბანი გვქონდა. მხოლოდ ISFED-ს ჰქონდა 375 საჩივარი და აქედან 160 უბნის შედეგების გადათვლას ვითხოვდით. ამიტომ, ცხადია, ახლა ამ კომისიის შედეგები ვერ უზრუნველყოფს წინა არჩევნების ნდობას”,- განაცხადა დოლიძემ.