„დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება და გააანალიზებს გასაუბრებების შედეგებს და მიღებულ ახსნა-განმარტებებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისია იმსჯელებს, რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე იმისთვის, რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იყოს დაშვებული შეცდომები“, – განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, კომისიას აქცენტი ჰქონდა აღებული ყველაზე პრობლემურ უბნებზე, სადაც იყო როგორც დისბალანსი, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ უბნებზე დაწერილი იყო არაერთი საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს დაასრულა ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების გამოკითხვის პროცესი.