რატომ იხდის თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის 2 მლნ-ით მეტს? – განმარტება

453

წინა სტატია

თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ, გაზრდილი ღირებულებით გამოცხადდა. ამჯერად, დედაქალაქის მთავრობა მზადაა, გამზირის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარით ძვირი გადაიხადოს. 3 ივნისს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 6 090 839 ლარია, მაშინ როდესაც პირველ ტენდერში შესყიდვის ღირებულება 4 670 999 ლარი იყო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

პროექტის გაძვირების მიზეზები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა გადაცემა “საქმის კურსში” განმარტა.

„პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო ტენდერში მონაწილეობა, შესაბამისად, ბაზრის მოკვლევა ხელახლა ჩატარდა და ახალი ტენდერი იმ ღირებულებით გამოცხადდა, რაც კომპანიებმა დაგვიფიქსირეს, თუმცა ეს ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა. რაც შეეხება პროექტის განხორციელების კონკრეტულ თანხას, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა. რა ფასადაც გაფორმდება ხელშეკრულება, ის იქნება პროექტის საბოლოო ღირებულება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ცნობისთვის: ქეთევან წამებულის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმებოდა. თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში თბილისის მერმა კახა კალაძემ ის პროექტები დაასახელა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ პანდემიის გამო გადადო. ერთ-ერთი ქეთევან წამებულის გამზირი იყო.