თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
„ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. ამ პროექტის ვადა 2 წელია და ამ პერიოდში სამშენებლო სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ახალი ხიდი შეემატება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 34,9 მლნ ლარია.