2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა აპლიკანტისთვის გასული წლისგან განსხვავებით, წელს მხოლოდ სამედიცინო პირბადის გამოყენება იქნება ნებადართული.
ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
„წელს კვლავ პანდემიის პირობებში ვართ და კვლავ მოგვიწევს ყველა რეგულაციის დაცვა, რაც შარშან იყო. ეხებოდა ეს დისტანცირებას, დეზინფექციას, პირბადის ტარებას. მივიღეთ განახლებული ჯანდაცვის რეკომენდაციები, სადაც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არის ცვლილება. ამ ეტაპზე მოთხოვნილია სამედიცინო პირბადე, რომელიც უნდა ეკეთოთ აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელ პირებს როგორც რეგისტრაციის, ასევე სამუშაოს შესრულების პროცესში“, – განაცხადა მან.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური კოვიდ რეგულაციებით წარიმართება. ნიღაბთან დაკავშირებული რეგულაციები კი შემდეგნაირია:
საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი:
ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას.
ე) 370С – ზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCR – ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).