სემეკი: 1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

390

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.

სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს.

სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს.

კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.

სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.