პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. ორივე საკითხი ერთად იყო წარდგენილი. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.
აღნიშნული საკითხების განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს დიდი დაპირისპირება მოყვა. თბილისის საკრებულოს ლოჟაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საკითხის განხილვის დაწყებას საათნახევარი აპროტესტებდნენ, რა დროის განმავლობაშიც საკრებულოში სხდომის მიმდინარეობა შეჩერებული იყო.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ლოჟაში მყოფ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, კერძოდ ელენე ხოშტარიას არაერთხელ მიმართა, მიეცათ მათთვის მუშაობის საშუალება. საბოლოოდ სხდომის განახლება და „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა მხოლოდ საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
სხდომაზე გატანილ საკითხებს ნაჩქარევი და მოუმზადებელი უწოდა დამოუკიდებელმა დეპუტატი ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც სხვა ოპოზიციონერ დეპუტატთან: შორენა ბუხრაშვილთან, ზაზა ვეკუასთან, მარიკა დათუკიშვილთან და სევდია უგრეხელიძესთან ერთად სხდომა პროტსტის ნიშნად დატოვა.
„ის რაც ამ დარბაზში ხდება პირდაპირ მიუთითებს, რომ თბილისის მერიით და თბილისის საკრებულოთი სუს-ის პირდაპირ მმართველობას აქვს ადგილი. ამ დარბაზიდან მომიწია უამრავი სუს-ის თანამშრომლის გაძევება, რომელიც ამოვიცანი და თქვენ ამ ყველაფერს, ბატონო გიორგი მხოლოდ მდუმარედ კი არ უყურებდით, თქვენ სიტყვა მიეცით სუს-ის თანამშრომელს და გასუსული უსმენდით ამ ყველაფერს. ეს არის სამარცხვინო ხელის მობრახუნე და ტაშის მკვრელო კოლეგებო. ეს არის ისტორიულად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ასეთ მონურ მორჩიელებაში აპირებთ. გრცხვენოდეთ თქვენი შვილებისა და მომავალი თაობების წინაშე“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა სხდომის დატოვებამდე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს თბილისელებისათვის „ხელის გადაგრეხვა“ უწოდა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მისი თანამოაზრეები ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების შესრულებაში დაადნაშაულა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, საკრებულოში ხდება უკანონობა, როდესაც საკრებულოს დეპუტატები ცდილობენ საჩუქრის სახით გადასცენ ბიძინა ივანიშვილს ქონება.
ელენე ხოშტარიას თქმით კი საკრებულო დღეს იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად.
”საკრებულო, რომელიც უნდა იცავდეს თბილისისა და თბილისელების ინტერესებს, დღეს იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად, რომელიც ყველანაირი საღი აზრის გარეშე, ყველანაირი მომზადების გარეშე, ჩუქნის მორიგ მიწებს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი შუაგული ცენტრიდან“. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.