ბენდელიანი: ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და  ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის  მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

416

ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ბენდელიანის თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და პროცედურების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც. ეს იქნება ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი. ამ სამუშაოებზე ტენდერი დასრულებულია. გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების გარდა, ირაკლი ბენდელიანმა ასევე, დეტალურად ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მერის მოადგილის თქმით, საგზაო პროექტებს შორისაა მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და კაიროს დასახლებაში გზების სრული რეაბილიტაცია.

„მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია, მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მიუხედავად იქ არსებული რთული გეოლოგიური პირობებისა, დასკვნით ფაზაშია და ეს სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბურთალოს ზედა ნაწილი შეუფერხებლად დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. მნიშვნელოვანი პროექტია, ასევე, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დადიანის ქუჩაა. შესაბამისად, დადიანის ქუჩაზე ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ამ ქუჩას ექნება შესაძლებლობა, ტრანსპორტის ნაკადი შეუფერხებლად გაატაროს. აღსანიშნავია, ასევე, კაიროს დასახლებაში გზების სრული რეაბილიტაცია. კაიროს დასახლება იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყო იქ არსებული ქუჩები ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული, ხელი არ იყო დაკარებული არაფრისთვის, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმდინარე პროექტებს შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი ფერდის გამაგრების სამუშაოები და შეშელიძის ქუჩაზე, დამეწყრილ უბანში მიმდინარე მასშტაბური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დაასახელა.

მისი თქმით, შეშელიძის ქუჩაზე, დამეწყრილ უბანში დროულად და ეფექტურად გატარებული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, დღის წესრიგიდან მოიხსნა მიმდებარედ არსებული სამი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება.

„ცნობილია, რომ დედაქალაქში, გარკვეულ ადგილებში, ხშირია მეწყერული პროცესების გააქტიურება, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ყველაზე მასშტაბური ამ მხრივ, შეშელიძის ქუჩაზე, დამეწყრილ უბანში მიმდინარე მასშტაბური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებია. ეს პრობლემა სათავეს იღებს 1980-იანი წლებიდან, თუმცა მათი მასშტაბიდან გამომდინარე, მარტივი არ იყო ამ პრობლემის მოგვარება. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტმა 21 მილიონი ლარი დახარჯა. სანამ რეაბილიტაციას დავიწყებდით, შეშელიძის ქუჩაზე, გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, ტროტუარი მთლიანად მიწის მასით იყო დაფარული. მეწყრის ზედა ნაწილში, სამი 16-სართულიანი სახლია, რომელიც ევაკუაციის პირას იყო და რომ არა სწრაფად და ეფექტურად დაწყებული სამუშაოები, სამივე კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა მოგვიწევდა. დღეისთვის, ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. არანაირი რისკი ამ ლოკაციაზე არ არსებობს. ვფიქრობთ, რომ სამუშაოებს, დაახლოებით, თვენახევარში დავასრულებთ. მსგავსი პრობლემა გვქონდა მაჭავარიანის ქუჩაზე, სადაც მოხდა სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესის გააქტიურება. ჩვენ დაუყოვნებლივ შევზღუდეთ იქ საავტომობილო და საფეხმავლო მოძრაობა და დავიწყეთ მონიტორინგის წარმოება. დარგის სპეციალისტების ჩარევისა და დაუყოვნებლივ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დღეს იქ არანაირი რისკი არ არსებობს. რამდენიმე დღეში ველოდებით პროექტს, რომლის მიხედვითაც, მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ და დაახლეობით, ორთვენახევარში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქში ამჟამად, 62 ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.