1 ივლისიდან მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან – “თელმიკოსგან” და “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებს

284

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს. თბილისის მცხოვრებლებისთვის ეს იქნება კომპანია “თელმიკო“, დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებისთვის კი – “ეპი ჯორჯია”.

ეს ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია. ამის გამო, “თელასმა” და “ენერგო პრო ჯორჯიამ” დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ამ კომპანიებისთვის დენის მიწოდების ტარიფი, თუმცა ახალი ტარიფი მოქმედი ტარიფის იდენტური იქნება და ის მომხმარებლისთვის არაფერს შეცვლის.