პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებისთვის საჭირო წევრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შემცირდება.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა დეპუტატების ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობა არანაკლებ ორ დეპუტატს ექნება. აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შედეგად, პოლიტიკურ ჯგუფს თავად „მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და ასევე, „გირჩის“ სამი დეპუტატი შექმნიან.
ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი მეათე მოწვევის პარლამენტისათვის მოფიქრებული ახალი სტრუქტურული ერთეულია. „პოლიტიკური ჯგუფის“ შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს გააჩნია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია.
ამჟამად, პოლიტიკური ჯგუფი ოთხი წევრით წარმოდგენილ “ევროპელ სოციალისტებს“ აქვთ შექმნილი.