ბითაძე: რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სკვერში, პარკსა და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ჩადგამს

397

რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სკვერში, პარკსა და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ვეღარ ჩადგამს, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააკეთა, რომელმაც პარლამენტს სამშენებლო ამნისტიის პროექტი წარუდგინა.

ბითაძემ ისიც განაცხადა, რომ დეველოპერი რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რა შემოწირულობაც არ უნდა გააკეთოს, სამშენებლო წესების დარღვევაზე ყველა დაჯარიმდება.

“სამშენებლო კანონმდებლობაში ყველა ცვლილებება მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ ნორმები გაუმჯობესდეს იმ კუთხით, რასაც თანამედროვე სტანდარტები ჰქვია. ის დრო გავიდა, როცა მშენებლობა სტადიონებზე მიდიოდა. “ტვ პირველის“ ოფისის წინ სტადიონი იყო – დღეს კორპუსია. იპოდრომზე მრავალსართულია კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. კორტები მერიამ გამოისყიდა, რაც ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა, ისევე როგორ “ოტიუმის“ წინ მიმდებარე ტერიტორია. მთლიანად გაყიდული იყო დიღმის ტყე-პარკი და გამოსყიდვა იმის, რაც ასე ქაოტურად გაიყიდა, სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება“, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე მაია ბითაძემ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით სამშენებლო ამნისტიის პროექტი განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.