რატომ ვერ გადაიხდით გორის ტრანსპორტში ნაღდი ფულით – სააგენტოს განმარტება

308

“ხურდა ფულის აპარატები არ არის მიზანშეწონილი” , – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა რადიო “მოზაიკას” გადაცემაში “თვითმმართველობის დრო” დასმულ კითხვას, ავტობუსებში ნაღდი ფულით გადახდის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

​მოსახლეობის მხრიდან, ხშირად დასმულ კითხვებს შორის არის სწორედ აღნიშნული საკითხი – იგეგმება თუ არა გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდის სისტემის ამოქმედება.

 

სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, აღნიშნულმა გადახდის სისტემამ თბილისშიც არ გაამართლა და გორის შემთხვევაში, მიზანშეწონილი არ არის.

“თბილისში იყო გადახდის ელექტრონულ სისტემასთან ერთად, ნაღდი ფულით გადახდაც ე.წ ხურდა ფულის აპარატების მეშვეობით. აღნიშნული საკითხი გორის შემთხვევაში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ნაღდი ფულის მიღების შემთხვევაში, დაგვჭირდება სპეციალური საცავი და დაცვის მომსახურების შესყიდვაც, ვინაიდან გორში უმრავლესობა ბარათით იხდის, ნაღდი ფულის შემოსავალი მინიმალური იქნება და ვერ დაფარავს საცავის და დაცვის მომსახურების ხარჯებს. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურად გაუმართლებელი გვგონია” , – ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამუშავდა, 20 მაისამდე მოსახლეობისთვის მგზავრობა უფასო იყო.