თბილისის გენგეგმის ავტორი: უმნიშვნელოვანესია ლანდშაფტისა და მწვანე რეკრეაციული არეალების დაცვა და განვითარება

413

​გენერალური გეგმები, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ზოგადად, აუცილებლად წყდება ტერიტორიის ეფექტური გამოყენების საფუძველზე და ამავე დროს, ეს უნდა მოხდეს გარემოს დაცვის წინაპირობით. ეკოლოგიისა და სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერით ტერიტორიების გამოყენების გეგმა სრულდება, – ამის შესახებ თბილისის გენერალური გეგმის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის განაშენიანების კონტურის შიგნით დამატებით უნდა შეიქმნას მწვანე სივრცეები.

„გენერალური გეგმის უმთავრესი, კონცეპტუალური საკითხები გახლავთ ქალაქის კომპაქტურობა, რაც პირდაპირ უკავშირდება გარემოსდაცვით საკითხებს, მეორე გახლავთ ლანდშაფტისა და ღია, მწვანე არეალების დაცვა, მესამე გახლავთ შეკავშირებული ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა და უპირატესად მისი განვითარება და სხვა. პირველი ორი, ქალაქის კომპაქტურობა პირდაპირ პასუხობს კითხვას, რომ ტერიტორიების განვითარება უნდა მოხდეს აუცილებლად გარემოს დაცვის პირობებითა და გარემოზე ნაკლები ზეგავლენა უნდა მოახდინონ ქალაქებმა. კომპაქტური ქალაქი გახლავთ მოკლე მანძილების ქალაქი, კომპაქტური ქალაქია გარე ტერიტორიების შეზღუდვის განვითარება და ამავე დროს, ის ამ ტერიტორიების კონტროლირებას გულისხმობს. კომპაქტური ქალაქი არის სუფთა ეკოლოგიური ტრანსპორტის მხარდამჭერი. კომპაქტური ქალაქი სხვა კიდევ უამრავ საკითხს მოიცავს და უპირველეს ყოვლისა გარემოს დაცვის საკითხებს. სხვაგვარად განვითარება არ ითვლება განვითარებად. ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ ლანდშაფტურმა და სარეკრეაციო სივრცეებმა საბოლოოდ სისტემური სახე უნდა შეიძინოს. მათი უწყვეტობა არ დაირღვეს და ქალაქმა ეს ღონისძიებები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განახორციელოს. ამის ფონზე უმნიშვნელოვანესია ლანდშაფტისა და მწვანე რეკრეაციული არეალების დაცვა და განვითარება. ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მხოლოდ მის შენარჩუნებაზე არ უნდა ვიზრუნოთ, აგრესიული უნდა იყოს ქალაქმშენებლობის პოლიტიკა და უნდა გაიზარდოს მწვანე სივრცეების რაოდენობა, რადგან თბილისს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთ ადამიანზე მწვანე საფარის რაოდენობით. სხვადასხვა მონაცემით 4,7-დან 5,2 მეტრ კვადრატამდე მწვანე ფართობია ერთ ადამიანზე. საშუალო ევროპული სტანდარტით მოწინავე ქალაქებიში არის 15-18 მეტრ კვადრატი. ძალიან ჩამოვრჩებით, ამიტომ ჩვენ ქალაქის განაშენიანების კონტურის შიგნით დამატებით უნდა შევქმნათ მწვანე სივრცეები“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.