ჯერ კიდევ 2017 წელს, მე თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არცერთ ნებართვას და არ მოხდებოდა მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები და სპორტული კომპლექსები იყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განვლილი წლების განმავლობაში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, ჩვენს დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება.
„ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ რაც გვინდა, თუმცა უნდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება და შემდეგ მისგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა, საერთაშორისო ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ძალიან მალე გვექნება უკვე კონკრეტული პროექტი.
გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ხორციელდება ძალიან ეფექტიანი კონტროლი. ასევე, დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე. დამეთანხმებით, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და სამომავლო განვითარებაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თანამედროვე, ევროპულ ქალაქში, უმნიშვნელოვანესია საპარკე კულტურის განვითარება.
„ამ მიმართულებით, დედაქალაქში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და ხელშესახებ შედეგსაც მივაღწიეთ. როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ის რეკრეაციული სივრცეები, სადაც მოხდა განახლება, დღეს სავსეა ადამიანებით. ამ საპარკე კულტურას სჭირდება წახალისება და კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო პროექტის განხორციელება.
დღეს, ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, ულამაზეს სივრცეში. წლების წინ, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ, როგორ იყო მიგდებული და გაუბედურებული არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის შედეგად არის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე. იგივე მდგომარეობა გვაქვს მზიურის განახლებულ პარკში, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს ვერ იტევს. ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი. დავიწყეთ ვაკის პარკის განახლება-რეაბილიტაცია.
ფონდ „ქართუს“ მიერ ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს, ისეირნოს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს იმ საჩუქრისთვის, რომელიც თბილისს გაუკეთა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დასრულდება.
ასევე, დაწყებული გვაქვს თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია. ქალაქში შეამჩნევდით კონკრეტულ გზაგამყოფებს, რომლებიც იყო ბეტონის, დღეს კი მწვანე სივრცეებია. მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც ვნახავთ შესაძლებლობას, გავამწვანოთ. მინდა ასევე გამგებლებს გადავუხადო მადლობა, რადგან რაიონებში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა პარკების რეაბილიტაციის სახით. ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ და უფრო მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ დედაქალაქის მცხოვრებლებს.
აქ არიან ეკოსერვისის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფუტკრებივით მუშაობენ იმისთვის, რომ ეს მწვანე სივრცეები ასე მოვლილი და გალამაზებული იყოს. მინდა ამ ადამიანებს, თითოეულ ჩემს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო ამ შრომისთვის.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. სამომავლოდ ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. უკვე არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და რაც მთავარია, თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი იქცეს თბილისის ფილტვებად.
4 წლის წინ, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ვაკეთებდით, ბევრს ვერ წარმოგვედგინა და სკეპტიკურად უყურებდა იმ მიზნებსა და დაპირებებს, რომელზეც დედაქალაქის მოსახლეობას ვესაუბრებოდით.
ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, უფრო მეტი ამბიცია გვაქვს და რეალურად ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე, რეკრეაციული ზონები გაჩნდეს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.