პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებული ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა ერთ თვეში გასაჯაროვდება. მანამდე ნათია თურნავამ BM.GE-ის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ გეგმა საკმაოდ კომპლექსური და რთულია. მისი სამუშაო ვერსია პირველ რიგში დონორებსა და საპარლამენტო კომიტეტებს წარედგინება, ხოლო შემდეგ საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ეს იქნება ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც გადახედვას დაექვემდებარება, რადგან 10 წლიანი გეგმის გაწერა ზედმიწევნით რთული იქნებოდა. მისი თქმით, 10-წლიანი გეგმა მთავრობისთვის და ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება.
„ძალიან საინტერესო დოკუმენტი გამოდის. ყველა უწყებამ თავისი მიმართულებით, რომელთაც თავისი ქვემიმართულება აქვთ, საქმიანობა გაშალა და დაგეგმა უახლოესი 10 წლის განმავლობაში რა უნდა გაკეთდეს. ის კონკრეტულ პროექტებს და რიცხობრივ მაჩვენებლებს მოიცავს, რომელსაც ჩვენ 2025, 2027, 2030 წლებში უნდა მივაღწიოთ. მართლაც რეალური გზამკვლევი იქნება მთავრობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკისთვის და ნებისმიერი ინვესტორისთვის, ვინც დაინახავს, რომ ურყევად ვახორციელებთ რეფორმებს, რა არის ჩვენი მომავალი.
პროგრამის პირველი პროექტი უკვე მზად არის. უახლოეს პერიოდში დონორთა საზოგადოებას და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს წარედგინება. საკმაოდ რთული დოკუმენტი გამოდგა და ვფიქრობთ, რომ ერთი თვის განმავლობაში იქნება საჯარო. ყოველ შემთხვევაში ის ძირითადი პროექტები, რომელიც მასში თავმოყრილია, მაგრამ შეიძლება გადამუშავდეს და დაემატოს ბევრი რამ განსაკუთრებით, საპარლამენტო ძალების ჩართულობით.
ეს იქნება ცოცხალი დოკუმენტი, რადგან 10 წლის განმავლობაში ყველაფრის ზედმიწევნით დაგეგმვა რთულია; ანუ უახლოესი 3-5 წელიწადი უფრო ზუსტადაა დაგეგმილი, 10 წლისთავზე სტრატეგიული პრიორიტეტებია დაგეგმილი, რაც რა თქმა უნდა, ვითარებიდან გამომდინარე შეიცვლება, მაგრამ არ შეიცვლება მთავარი რამ – ჩვენი ერთგულება რეფორმებისადმი“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა 22 თებერვალს პარლამენტში განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობი გამოცხადებისას განაცხადა, რომ 100 დღეში ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმას წარადგენდა. მისივე თქმით, ამ გეგმის შემუშავებაში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო სპეციალისტებიც ჩაერთვებოდნენ. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ ახალი – “ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო” შექმნა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საბჭოს ამოცანას 2021 წლის 31 მაისამდე ახალი 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა წარმოადგენს და ის სრულად მთავრობის შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.