გორის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა – პროექტის ღირებულება 3.2 მლნ–ია

274

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხების აღდგენა, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.

ჩატარებული სამუშაოები სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულებაა 3 287 777 მლნ ლარი.

სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.