აუდიტი: 2017-2018 წლებში მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 55 471 400 ლარი, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე ჯამში 16 062 100 ლარი დაიხარჯა

932

2017-2018 წლებში მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 55 471 400 ლარი, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე ჯამში 16 062 100 ლარი დაიხარჯა, რაც შეეხება მივლინებებს, ამავე პერიოდში, ჯამში 491 100 ლარია დახარჯული, , – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ანგარიშის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოებში სახელფასო დანამატის, პრემიისა და ფულადი ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები გამოვლინდა.

„2017 და 2018 წლებში აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულ პირებზე სახელფასო დანამატის სახით ანაზღაურებულია 5 მილიონ 616.1 ათასი ლარი, ასევე გაცემულია 5 მილიონ 361.0 ათასი ლარის პრემია/ფულადი ჯილდო. 2017 წელს მერიასა და გამგეობებში სახელფასო დანამატის მიმღებთა ვინაობა წინასწარ იყო განსაზღვრული. კერძოდ, წლის დასაწყისში მერის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, სახელფასო დანამატი ძირითადად გაიცემოდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე.

2017-2018 წლებში შტატგარეშე მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგოს სახით ანაზღაურებულია 16 მილიონ 062.1 ათასი ლარი. მათ შორის, წახალისების ფორმით გაცემულია 1 მილიონ 080.5 ათასი ლარი. ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირების ანაზღაურების მოცულობა 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის ბოლომდე საშუალოდ 327%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად მერიაში განხორციელებულ რეორგანიზაციას უკავშირდება. შესამოწმებელ პერიოდში შტატგარეშე (შრომითი ხელშეკრულებით) დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ არსებითად გადააჭარბა აღმასრულებელი ორგანოებისათვის დამტკიცებული საშტატო ნუსხების შესაბამის ზღვრულ რაოდენობებს.

2017 წელს მერიასა და გამგეობებში სახელფასო დანამატის მიმღებთა ვინაობა წინასწარ იყო განსაზღვრული მერის მიერ გამოცემული ბრძანებებით. 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიასა და გამგეობებში შემუშავდა ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის ანაზღაურების წესი, თუმცა, წახალისებულ პირთა მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური დრო არ შეესაბამება დასაქმებულთა რეალურად ნამუშევარი დროის მაჩვენებელს. ზეგანაკვეთურად მუშაობის საფუძვლით სახელფასო დანამატის გაცემის პრაქტიკა ფორმალურ ხასიათს ატარებდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობამ 14-ჯერ (416 პირი), ხოლო 2018 წელს 11-ჯერ (646 პირი) გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობას.

„შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების ვალდებულებები და ფუნქციური დატვირთვა უმეტესად ზოგად ხასიათს ატარებდა და გარკვეული რაოდენობა მიიღებოდა მუდმივი ამოცანების შესასრულებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევაში, კონსულტანტებისა და მრჩევლების პოზიციებზე შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული პირებისათვის განსაზღვრული ხელფასის მოცულობა აღემატებოდა კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად შტატით დანიშნული პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ან/და უთანაბრდებოდა/აჭარბებდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების თანამდებობრივ სარგოებს.

„აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა მოწოდებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული კონკრეტული პირების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესრულებულ სამუშაოს.

2017 წელს მერიასა და მის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული იყო 1,999 ხოლო 2018 წელს -1,931 თანამშრომელი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში 14 დასაქმებულის საზღვარგარეთ მივლინებისას ზედმეტად ანაზღაურებულია 10 500 ლარი.

„კერძოდ, როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მომწვევი მხარე სრულად ანაზღაურებდა სასტუმროსა და კვების ხარჯებს, თუმცა ნაცვლად კანონმდებლობით განსაზღვრული 30%-ისა, მერიის მიერ მივლინებულ პირებზე ანაზღაურებულია კანონით განსაზღვრული დღიური ხარჯი სრულად. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებისას დანერგილი კონტროლის მექანიზმები არაეფექტიანია“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის მიერ ასევე გამოვლინდა, რომ აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ადმინისტრაციულ შენობებში უცხო პირთა „დაშვების“, დასაქმებულთა აღრიცხვისა და მათი სამუშაო საათების დათვლის სისტემების მონტაჟის/ინსტალაციის მიზნით გადახდილი 226 ათას ლარზე მეტი თანხა არაეფექტიანად გაიხარჯა.

„დასაქმებულების ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და კონტროლის სისუსტის გამო მათ მიერ ნამუშევარი საათების საერთო რაოდენობა არ შეესაბამება მოქმედი შინაგანაწესების მოთხოვნების შესაბამისად სავალდებულოდ შესასრულებელი საათების ჯამურ მოცულობას;

კერძოდ, შესწავლილი 183 დასაქმებულიდან 94 პირის მიერ გაცდენილი საათების საერთო რაოდენობამ შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით 21 700 საათი შეადგინა, რაც 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინების პირობებში, საერთო სამუშაო საათების რაოდენობის 17%-ს შეადგენს. მერიასა და გამგეობებში ხელმძღვანელი პირებისაგან არასათანადოდ ხორციელდება მათ დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმებულების სამსახურში გამოცხადებასა და სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლი“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური მერიას რეკომენდაციას აძლევს აღმასრულებელმა ორგანოებმა დასაქმებულებზე გასაცემი შრომის ანაზღაურების რეალურად ნამუშევარ დროსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გააანალიზონ არსებული კონტროლის მექანიზმები (მათ შორის, ტურნიკეტების ტექნიკური შესაძლებლობები) და პროცესში აუდიტის შედეგების შესაბამისად იდენტიფიცირებული ხარვეზები. ამასთანავე, შეიმუშაონ და დანერგონ კონტროლის დამატებითი მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებული პირების სამსახურში გამოცხადების და მათ მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვას.