საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენებს ხელახლა ხვალ გადაითვლიან

360

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს, 10.00 საათიდან დაიწყება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს, 10.00 საათიდან დაიწყება.

კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით გამოვლენილ 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს, იგივე პრინციპით შერჩეული 12 პროფესიონალი მთვლელი 2 დღის განმავლობაში დაითვლის.

მისივე ინფორმაციით, გადათვლის პროცესი პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარიმართება.

გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შემოწმების ინსტრუქციის პროექტი გააცნო.

ინსტრუქციის განხილვის შემდეგ, კომისიამ წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცა. ინსტრუქციაში მოცემული პუნქტების დაცვა ბიულეტენების მთვლელებისთვის სავალდებულოა.