ირაკლი ხმალაძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს მულტიმოდალური დიზაინით ქუჩების მოწყობა

271

ჩვენ მიერ დადგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს ასეთი დიზაინით ქუჩების მოწყობას და ცხადია, მუნიციპალიტეტში ეს უნდა გაგრძელდეს, რათა ქალაქმა სატრანსპორტო სისტემაში სასურველ შედეგს მიაღწიოს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას, მულტიმოდალურ ქუჩებზე საუბრისას განაცხადა.

ხმალაძემ განმარტა, თუ რას ნიშნავს მულტიმოდალური ქუჩა, რომლის შესახებ საუბარი იყო დღეს მერიის მიერ გამართული სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე.

„ეს არის ქუჩის დიზაინი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სივრცეების თანაბრად გადანაწილებას ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორც კერძო სატრანსპორტო, ასევე საზოგადოებრივი, არა მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებებისა და პირველ რიგში, ქვეითებისთვის. ჩვენი მმართველობის პერიოდში რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ. ეს იყო ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის გამზირები, ხიზანიშვილის, შარტავასა და ვეკუას ქუჩები. რამდენად გაგრძელდება ეს პროექტები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ექნება მუნიციპალიტეტს ხარჯების თავისთავზე აღების შესაძლებლობა. მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამას ჩვენ მარტო დიზაინის დონეზე არ ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, მთლიანად ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და ცხადია, საკმაოდ ძვირიანი პროექტებია. ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული ამდენი პროექტი კარგი შედეგია და ცხადია, მომავალში მუნიციპალიტეტმა ეს უნდა გააგრძელოს. მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ, რადგან მიმდინარე წელს იწურება კახა კალაძის საარჩევნო პერიოდი და შესაბამისად, ეს დამოკიდებული იქნება, თუ ვინ იქნება თბილისის მერი და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ მიერ დადგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს ასეთი დიზაინით ქუჩების მოწყობას და ცხადია, მუნიციპალიტეტში ეს უნდა გაგრძელდეს, რომ ქალაქმა სატრანსპორტო სისტემაში სასურველ შედეგს მიაღწიოს“, – განაცხადა ხმალაძემ.