პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

450

პარლამენტმა 92-ხმით, ერთხმად “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს.

პროექტი დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება – თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობისა და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. კანონპროექტით შეთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, შერეული სახის იქნება სამივე დონეზე – 8 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით.

კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს. კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.

პროექტით გათვალისწინებულია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა.