26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე დაიწყება. მას შემდეგ, რაც საქართველოს დროშა ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღიმართება, ქვეყნის მთავარ მოედანზე სამხედრო ფიცს 250-მდე ახალწვეული დადებს.
„დიდგორი მეომრის“, „დიდგორი მედევაკისა“ და „დიდგორი 3“-ის მძიმე ტექნიკას საზოგადოება პირველად ნახავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის მისიიდან ჩამოსული ქართველი ჯარისკაცები. პირველი, ვინც თავდაცვის ძალებს სიტყვით მიმართავს, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი იქნება. სიტყვით გამოვლენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები. წლევანდელი ზეიმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი პოლონეთის პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ეწვია.
თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთ ლოკაციაზე გაიმართება: სვანეთში – უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.
მოგვიანებით, სამების საკათედრო ტაძრიდან გენერალ კვინიტაძეს გამოასვენებენ, რომელსაც მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
დღის ბოლოს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება.
103 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან და დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლის იუბილე წელსაც სახალხო ზეიმის გარეშე ჩაივლის. ყველა ღონისძიებაზე დასწრებას, მათ შორის გალა კონცერტს ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოქალაქეები მხოლოდ სატელევიზიო ეთერით ნახავენ.
26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. 103 წლის წინ, ეროვნული საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა. საქართველო თავისუფლების დაბრუნებას კიდევ 70 წელი ელოდა.