თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება

805

“სულ მალე თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება”- ამის შესახებ BM.GE-ის კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა განუცხადა.

როგორც შიოშვილი ამბობს, საავიაციო უნივერსიტეტს, გაფართოებული მიმინოს აეროდრომის პროექტი უკვე მზად აქვს. შიოშვილის თქმით, აეროდრომი, შიდა ფრენებს განახორცილებს, რაც ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

“მიმინოს აეროდრომით დღესაც სარგებლობს საავიაციო უნივერსიტეტი, ის ახორციელებს ტერიტორიის ზედამხედველობას. მათ აქვთ სურვილი, რომ უფრო მეტად გააფართოონ აეროპორტი, რომ შიდა ფრენებიც განხორციელდეს. ეს ძალიან დაეხმარება შიდა ტურიზმს, გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. მათ აეროდრომის გაფართოების პროექტი უკვე მზად აქვთ და სულ ცოტა ხანში გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერიც. გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება სამუშაოები,”- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი.

ცნობისთვის, საავიაციო უნივერსიტეტი თელავის აეროდრომ „მიმინოს“ საფარის გაფართოებას და განახლებას უკვე დიდი ხანიაა გეგმავს. უფრო მეტიც, წლის დასაწყისში უკვე ყოფილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ამბობდა, რომ დაგეგმილი იყო მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით.