პარლამენტში შესული პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის და სწორედ მათთვის რიგი საკითხები ახლებულად დარეგულირდება.
რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც „უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.
ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს 24 მაისის სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები არიან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.