ოზურგეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

562

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელზეც საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ საზოგადოებას გურიის საინვესტიციო გარემოს განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა საინვესტიციო პროფილები წარმოადგინეს, რომელთა შექმნაში მათ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით დაეხმარა.

“ღონისძიებამ წარმოაჩინა რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდგომ პერიოდში და შექმნა დიალოგისა და დისკუსიის სივრცე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვისა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილი ეყრდნობა მის გეოგრაფიულ და ეკონომიკურ უპირატესობებს – ფოთისა და ბათუმის პორტებთან და ქუთაისის აეროპორტთან სიახლოვეს, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსების არსებობას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შავ ზღვაზე პირდაპირ გასასვლელს, სუფსას ნავთობის მომპოვებელ ჭაბურღილს, ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და ბუნებრივ რესურსებს, რომელთა შორისაა კოლხეთის ეროვნული პარკი; ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ინვესტორთა დაინტერესების გზას რეკრეაციული და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში ხედავს. შესაბამისად, მის საინვესტიციო პროფილში ასახულია ზღვისა და მთის კურორტები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების ადგილობრივი შესაძლებლობები.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სახელმწიფო უწყების „აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები და გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

გურიის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

რეგიონული საინვესტიციო ფორუმების მხარდაჭერა UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.