საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.
მათი ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება.
„რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.
აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.
ავტობუსები – N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.