ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიამ ავტობუსების შესაძენად ჯამში 60 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა

473

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ ავტობუსების შესაძენად ჯამში 60 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა. ამის შესახებ აბესაძე აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. აბესაძე ამგვარად კორუფციის არსებობას არ გამორიცხავს.

„თბილისის მერიამ ტენდერით შეისყიდა 126 ცალი ავტობუსი, ფასით: 250 100 € ერთი ცალი და უტენდეროდ 100 ცალი ავტობუსი, ფასით: 248 300€ ერთი ცალი.

იგივე ავტობუსი შეიძინეს: ანკარა (თურქეთი) – 170 000€; კოჩაელი (თურქეთი) – 180 000€ ;

ნოვი სადი (სერბეთი) – 180 000€ ; პენევეჟისი (ლიეტუვა) – 188 000€ ;

ფასი BMC ოფიციალურ საიტზე ტენდერისას – 204 000€.

ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ გადაიხადა თბილისმა ჯამში 60 მილიონი ლარით მეტი იგივე ავტობუსებში, რომელიც EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით შეიძინა.

ამიტომ: თბილისის მერიამ გაასაჯაროვოს ტენდერში მონაწილე კომპანიების და შემოთავაზებული ფასების შესახებ ინფორმაცია (თუ იყო საერთოდ კონკურენცია);

თბილისის მერიამ განმარტოს, რატომ არ ჩატარდა ტენდერი თავიდანვე 226 ავტობუსზე ან რატომ არ ჩატარდა ტენდერი შემდეგ 100 ავტობუსის დამატებით შესაძენად;

თბილისის მერიამ გაასაჯაროვოს ავტობუსების მწარმოებელ კომპანიასთან (საკმაოდ მაღალი რეპუტაციის თურქული მწარმოებელი) გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი.

თუ ეს ათეულობით მილიონი ლარის კორუფცია დადასტურდა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ეს მოხდა 2020 წლის დასაწყისში, საპარლამენტო არჩევნების წინ და მაშინ შეკითხვები საიდან შეივსო „ქართული ოცნების” „შავი სალარო“ წინასაარჩევნოდ, აღარ დარჩება.“, – წერს ირაკლი აბესაძე.