ხმალაძე: ძველი გენგეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 4 მლნ კვ.მ-ით მეტ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი

335

თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება ქალაქში და ამ ფართობით მეტი მწვანე სივრცე ექნება ქალაქს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების ბალანსი. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 1 000 000 კვ. მეტრ ტერიტორიას მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება და ქალაქს მეტი მწვანე სივრცე ექნება. ეს არის სრულიად ახალი არეალები, რომელიც გენერალური გეგმითაა განსაზღვრული: საქალაქო პარკი მტკვრის ჭალებში – 135 ჰა ფართობი, დირსი ჭალის პარკი – 11 ჰა, ვაზისუბნის პარკი – 25 ჰა, დიღმის ჭალების პარკი -15 ჰა, ზღვისუბნის პარკი – 24 ჰა. ამ პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ისინი მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. აღნიშნული პროექტების ნაწილი დავიწყეთ, ნაწილს ვაგრძელებთ და დეტალურად გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, 1 400 ჰა ტერიტორიას მიენიჭა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ხოლო 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას სატყეო ზონა დაედო.

„ამასთან, 1 400 ჰა ტერიტორიას მივანიჭეთ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს არის მწვანე სივრცე, რომელიც დაჰყურებს თბილისს და რომელიც მომავალში განაშენიანებისგან დავიცავით. ახალი გენერალური გეგმით, 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას დაედო სატყეო ზონა. ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას წარმოადგენს, სადაც ყოველგვარი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.