ღარიბაშვილი: ფაიზერის ვაქცინა, დაახლოებით, ივნისი-ივლისის თვეში შემოვა 

516

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა “ფაიზერის” ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის სავარაუდო დროც დაასახელა და თქვა, რომ მას ივნის-ივლისში შემოიტანენ.

“ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაქცინების მიღება, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია “ფაიზერის” დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით, ივნისი-ივლისის თვეში. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, “ფაიზერის” პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა. გვაქვს მოლაპარაკება უშუალოდ ჩინური “სინოფარმის” და “სინოვაკის” ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით, “მოდერნასთან”, ასევე “ნოვავაქსის” ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, უკვე გვაქვს ხელშეკრულებები მოწერილი და უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.