საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის, კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში, სრულად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი. საქართველო არ არის გამონაკლისი მსოფლიოში და ჩვენი მიზანია თანმიმდევრულად, სწორი პოზიციონირებით მოვახერხოთ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და სწორი მოლოდინების შექმნა.
ყველა დამატებითი შეზღუდვა, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნა დამოკიდებულია ეპიდ. მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, რადგან მეზობელი სახელმწიფოების ეპიდ. სიტუაცია პირდაპირ აისახება ტურისტული ნაკადების შემოსვლაზე.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ყველა დაგეგმილი აქტივობის შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციას აქტიური კომუნიკაცია აქვს.
„ ჩვენ კერძო სექტორთან გვაქვს მუდმივი კოორდინაცია. ადმინისტრაციის ბაზაში არსებულ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას ჩვენი ყველა აქტივობების, დაგეგმილი ღონისძიების, მარკეტინგული კამპანიების შესახებ. ტურიზმის სექტორთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩართულია ეკონომიკის მინისტრი.“
მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დაწყებულია აქტიური მარკეტინგული კამპანია.
„2021 წელს ჩვენი პრიორიტეტული ტურისტული ბაზრებს შორის არიან: მეზობელი ქვეყნები, ევროპის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ასევე ისრაელი. ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე, დავიწყეთ პრეს–ტურების მოწყობა გავლენიანი საერთაშორისო მედია საშულებებისთვის, თვის ბოლოს ვმასპინძლობთ მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებს. მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია სოციალური ქსელებით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი ქვეყანაში.“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.