პრემიერი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

654

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას, ისევე როგორც მრავალ სხვა წარმოებას, ზრდისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.

ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 1 400 000 ლარით დაფინანსდა. შედეგად, დღეს იგი საქართველოში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და ბაზრის 10% უკავია. მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული.

საკალმახე მეურნეობაში პრემიერმინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი სახოკია, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე იმყოფებოდა.