მელია: პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას რეგიონებში ჩასვლის შემდეგ გამოვაცხადებთ

379

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. მელიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მიღებული, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგას, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, რასაც პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ და გეტყვით რატომ, არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება.

სულ რაღაც 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატივცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური.

ეს არის მიზეზი, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესიც დაზიანდება. პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ინდივიდუალურად მიიღო“, – განაცხადა მელიამ.