დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: დეფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრებ განათლებისა და კულტურის სფეროს ქართველ წარმომადგენლებს ავიწროებს

525

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები განათლებისა და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში ახალგორში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ეფექტური კონტროლის არარსებობის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სისტემატური უგულებელყოფის გამო, რთულია კონკრეტული პირების სახელების და ისტორიების გამჟღავნება, რის გამოც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მხოლოდ ზოგადი ცნობებით შემოიფარგლება.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ახალგორში მცხოვრები განათლების და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ცალკეულ შემთხვევაში, გადაადგილების აკრძალვა მხოლოდ თბილისის მიმართულებით მგზავრობას არ ეხება და რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთაზეც ვრცელდება. აპრილში რუსეთის მიმართულებით გადაადგილება აუკრძალეს ქართველ მასწავლებელს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა საზოგადოებისთვის უცნობი საფუძვლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ზეწოლის ერთადერთი ფორმა არაა.

„სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო პერიოდში დაინტერესდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებითაც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტების თითქოსდა სამხრეთ ოსეთიდან გატანას, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს კულტურის გამოცდილი მუშაკი.

დევნის და ზეწოლის ეს ორი ფაქტი, რომელიც ბოლო უახლოეს კვირებში ახალგორში მოხდა, დამაფიქრებელია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება ისინი განვიხილოთ „წერტილოვანი“ ტერორის ტენდენციად, რომელიც ადგილობრივი ქართველი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსი დევნის და ზეწოლის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია ახალგორელ პედაგოგს და სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს აქვს, რომლის სასამართლო პროცესი თოთხმეტთვიანი პაუზის შემდეგ წინა თვეში ისევ განახლდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, 2008 წლის ომის შემდეგ ახალგორის რაიონი პრაქტიკულად დაიცალა და მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელიც იქ რჩება, ცხადია, თავისი კულტურული და განათლების უფლებების რეალიზების და მათზე ხელმისაწვდომობის მხრივ დამოკიდებულია ადგილობრივ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ინტელიგენციაზე. ამ უკანასკნელის გამოფიტვა და მისი წაშლა, ცხადია, ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებზე უარის თქმას ნიშნავს.