ვატო შაქარიშვილი: თბილისის მერია აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ სქემას გარე რეკლამის სფეროში

389

კალაძე ლეგიტიმურად ცნობს კეზერაშვილი-უგულავას სქემას, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს თბილისში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

თბილისის მერია აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ სქემას გარე რეკლამის სფეროში

შაქარიშვილის განმარტებით, აუქციონის პირობაში წინასწარი გადახდის ჩაწერა ნიშნავს, რომ აუქციონში კვლავ „ალმა“ გაიმარჯვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, მან არ გააუქმა აღნიშნული სქემა, მეტიც გაახანგრძლივა და კიდევ უფრო განამტკიცა „ალმას” მონოპოლია. გარე-რეკლამის სფეროს, 2018 წლიდან ვიკვლევ. მერიას არაერთხელ მივმართე წერილობით და საჯაროდ დაინტერესებულიყო გამოვლენილი დარღვევებით, რომელიც ბიზნესის მონოპოლიას და საბიუჯეტო დანაკარგებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მერიის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ადასტურებდნენ მონოპოლიისგან გამოწვეულ ზიანს, არ მომხდარა არანაირი ცვლილება. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კალაძის განცხადებით ირკვევა, რომ ისინი აპირებენ „ნაცმოძრაობის“ სქემის შენარჩუნებას და 10 წლით დაკანონებას! აუქციონის პირობაში წინასწარი გადახდის ჩაწერა ნიშნავს, რომ აპრიორი გამორიცხულია კონკურენცია და კვლავ არსებული მონოპოლისტი „ალმა“ „გაიმარჯვებს“ აუქციონში. ეს არის მერიისა და „ალმას“ მიერ შემუშავებული სქემა. ტყუილი და შეურაცხყოფაა, როდესაც მერი მოუწოდებს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს პროცესში ჩართვისკენ”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, არ გამართულა არც ერთი საჯარო განხილვა.

„არ მოუსმენიათ დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და „ნაცების“ სტილით, დახურულ კარს მიღმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა! ყოველთვის ვცდილობდი შემენარჩუნებინა იმედი იმისა, რომ მერია კეზერაშვილ-უგულავას სქემას მოშლიდა, მაგრამ დღეს დამტკიცდა, რომ დღევანდელი მერია ნაცმოძრაობის “ღირსეული” მემკვიდრეა”,- აღნიშნა შაქარიშვილმა.