მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვის მისაღებად აუქციონი გამოცხადდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება დედაქალაქის მერიისთვის.
„2009 წელს მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა აუქციონი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მან 12 წლის ვადით გარე რეკლამების განთავსებაზე უფლება მოიპოვა. წელს, ამ კონტრაქტს ვადა ეწურება და ვიწყებთ მუშაობას ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. ჩვენი გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტებს მიმართა, პროცესში ჩაერთონ და მუნიციპალიტეტს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.
„მინდა, დაინტერესებულ ბიზნესსექტორს, კომპანიებს მოვუწოდო, ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდით. უშუალოდ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შეგიძლიათ მიმართოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, აუქციონი მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით ჩატარდება.