13 მაისს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი წარედგინება.
მმართველი გუნდის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია შეეხებათ როგორც მოქალაქეებს, ასევე სამართალდამცავებსაც. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე ევროპული კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტსაც. კერძოდ, ამნისტია არ ვრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.
განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტისგან, ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს. ამასთან, პროექტის თანხმად, ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ამდენად ის გამორიცხავს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომავალში შესაძლო გამოვლენილი დანაშაულების ამნისტირებას.
შეგახსენებთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.