ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უწყება მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების იდენტიფიცირება და მათთვის დახმარების აღმოჩენა.
როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად დასრულდეს ვაქცინაციის პროცესი და ამჟამად დახურული ეკონომიკის სექტორები გაიხსნას.
„მძიმე პანდემიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი ასახვა აქვს, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებზე. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისი დახმარების გაწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ ვაქცინაციის პროცესის დასრულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ეკონომიკის დახურული სექტორების გახსნა, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ამ კუთხით ყველაზე სწორი გამოსავალი არის ეკონომიკური აქტივობის აღდგენა, რომელიც პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, შეზღუდულია. ამ მიმართულებით 2021 წლის ბუჯეტი შედგენილი გვაქვს. 2021 წლის ბიუჯეტის შესრულება მიდის ზუსტად იმ პროგნოზით, რაც წლის დასაწყისში გვქონდა გათებული. შესაბამისად, ასეთი ტიპის თანხების გადახდაზე ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ ექნება. ბიუჯეტის კორექტირება არ იგეგმება“, – განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი შესრულდება 100%-ით და გადაჭარბებით.