დიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

848

დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ფიფიების ქუჩა N8ბ-ში, გორის ქუჩა N4-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე სახლებს სრული გამაგრება უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები სრულდება, საძირკველი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„დიდუბის რაიონში ერთდროულად 43 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა მწვავედ ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მოსახლეობის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილოთ და წვლილი შევიტანოთ ამხანაგობების მოწესრიგებასა და განვითარებაში“, – განაცხადა მამუკა ვეკუამ.

აღნიშნული პროექტისთვის დიდუბის გამგეობის ბიუჯეტიდან 777 770 ლარი გამოიყო.