თბილისის მერია: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მერია 33 000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას გეგმავს

463

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მცდარი­ ინფორმაცია გავრცელდა დედაქალაქის გარეგანათების სისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე.

დედაქალაქია მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მცდარ და შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას დედაქალაქის გარეგანათების სისტემის განახლების მიზნით, LED სანათების შესყიდვის თაობაზე.

აღნიშნული მედიასაშუალების მიხედვით, თბილისის მერია თითქოს გეგმავს 33 000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, რაც სრული სიცრუეა.

დედაქალაქის გარეგანათების განახლებისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი.

დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარეგანათების მიმართულებით ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედან ელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯი 8 500 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია, ფაქტობრივად, არსად გამოიყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით.

აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის და მომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს, წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით არცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს. მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 10 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისათვის, რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზების გარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს, ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ 8 მგ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტების შესაბამის განათებას თბილისში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში და ამის შემდეგ მიაწოდონ საზოგადოებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.