“კაპიტალურად გაკეთებული გზა სიცოცხლისთვის საშიში გახდა” – რეპორტაჟი ოზურგეთის სოფელ მელექედურიდან

482

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მელექედური, ქალაქიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ხუთასამდე კომლი ცხოვრობს. როგორც დანარჩენ სოფლებში, მელექედურშიც არსებობს პრობლემები – მოსახლეობის წარმომადგენლები, ძირითადად, სხვადასხვა ეკონომიკურ გასაჭირზე, უმუშევრობაზე, სოფელში სასმელი წყლის არტქონის პრობლემაზე საუბრობენ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

“დიდხანს არ გვქონდა ბუნებრივი აირი, აქციებიც ეწყობოდა და როგორც იქნა, დასრულდა გაზიფიკაცია ყველაზე ძალიან ეს გვიხარია. წყალი ეზოებში გვაქვს, ძირითადად, ჭის წყლით ვსარგებლობთ. ხშირად მიგვაქვს შესამოწმებლად – დღეს ყველაფერი საშიშია. უმუშევრობამ გაწყვიტა ხალხი წელში. კომუნისტების დროს, 200 ჰექტარი ჩაი ჰქონდა მელექედურს. ვის უჭირდა? არსებობდა წყალგაყვანილობის სისტემა. სათავე ნაგებობა ნასაკირალში იყო და წყლის უკმარისობა კი არა, ტყუილად მიჩხრიალებდა”, – ამბობს მელექედურის სოფლის ცენტრში, ე. წ. “ბირჟაზე” მყოფი ადგილობრივი მკვიდრი, ლადო ხინთიბიძე,

ლადო ხინთიბიძემ აქცენტი სოფლის ცენტრში უფუნქციოდ დარჩენილ ძველ შენობებზე გააკეთა.

“აქ სიცოცხლე დუღდა და ახლა რომ შეხედავ, შეგეშინდება – ყრუ კედლები სამარეს მაგონებს,”- თქვა მან.

ადგილობრივთა საგაზაფხულო საზრუნავი, როგორც თავად გვეუბნებიან, საყანე ფართობების დახვნა და დათესვაა, რომელიც მელექედურის საზღვრებში არ არის. როგორც გვეუბნებიან, საყანე ფართობები ნასაკირალში აქვთ და ეჭვობენ, პანდემიის პირობებში, მოახერხონ დამუშავება.

მელექედურის მკვიდრი, ციალა მხეცაძე საკუთარ არა ერთ გასაჭირზე გვიამბობს. თუმცა, ყველაზე ძალიან წუხს სახლის სიახლოვეს არსებულ დატბორილ ფართობზე. წყალი, რომელიც ადრე არსებული წისქვილის ასამოძრავებლად იყო გამოყვანილი, ახლა მის სახლს და კარმიდამოს დატბორვის საფრთხეს უქმნის:

“ადრე, კომუნისტების დროს, იქეთ წისქვილი იყო. მერეც მუშაობდა. ერთ დღესაც დაიშალა თუ დაშალეს. ამ წყალმა ხან იქით იდინა, ხან – აქეთ, მერე დაგუბდა. დვაბზუდან მომდინარე ღელეა. წვიმების დროს იმხელა ხდება, სულ საფრთხის წინაშე ვართ. სახლთან, მოპირდაპირე მხარეს, ასიოდე მეტრის მანძილზეა. როგორმე, ეს თუ არ მოწესრიგდა და არხი არ გაიჭრა, ცუდად წავა ჩვენი საქმე,” – ამბობს ის.

“გასაჭირზე გადამეტებული ლაპარაკი არ მიყვარს. ცოცხალ კაცს ხან უჭირს, ხან – ულხინს. ძალიან გაგვიხარდა, რომ გაზის გამოყვანა დასრულდა. ცენტრალური გზა გაკეთებულია, თუმცა, სოფელია ისეთი განლაგების, ბევრი შიდა უბანია და ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასაკეთებელი. ზოგან სულ ვერ ახვალ კარგ ამინდშიც, ისეთი დაზიანებული აღმართებია. უწყლობის პრობლემაც იმ მხრივ არის, რომ აღარ გვაქვს ცენტრალური სისტემა, სადაც წყალი სათავე ნაგებობიდან მოედინებოდა. თუმცა, გვპირდებიან და ვფიქრობ, გაკეთდება,”- ამბობს ადგილობრივი  ნაზი ლომინაძე.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მელექედურში მცხოვრები ახალგაზრდები, ახალგაზრდულ პრობლემებსა თუ პროგრამებზე მეტად, სოფელში გზის მოწესრიგებას და ადგილზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მიიჩნევენ უპირველეს საქმედ.

როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, სოფელში, ცენტრალური გზის მონაკვეთებზე, ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

“კაპიტალურად გაკეთებული გზა, სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ჩვენ ისეთ პრობლემებზე შეგვიძლია საუბარი, როგორიც ჩვენი ასაკის ადამიანებს აწუხებთ. თუმცა, ახლა სხვა პრობლემის შესახებ გეტყვით. დიდი ხანი არ რის, რაც მელექედურში (რა თქმა უნდა ცენტრალურ ადგილზე, თორემ უბნებში უამრავი გზაა გასაკეთებელი) კაპიტალური გზა გაკეთდა. საქმე იმაშია, რომ გზას, სოფლის რელიეფის გამო, ბევრგან აქვს აღმართ-დაღმართი და მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთები. ისე დაქრიან მანქანები, არავინ ერთმანეთს არ ერიდება. ძალიან ბევრჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არც ერთს არ მოყოლია. ამას წინათ, მაღალი სიჩქარით მომავალი კი არა, “მომფრინავი მანქანა”, ადგილობრივ მკვიდრს, გია ჩიგოგიძეს დაეჯახა. დაჩეჩქვილი იყო საწყალი კაცი. საავადმყოფოში გადაიყვანეს და ძლივს გადარჩა. ბევრნაირი მოტეხილობა ჰქონდა,”- ამბობს მარიამ დოლიძე.

უფრო უარეს ფაქტზე გვესაუბრა მერვეკლასელი იური ორმოცაძე:

“მარტო ჩემს სახლთან სამჯერ მოხდა ავარია. ისეთი მოსახვევია, სარკე თუ არ დაიდგა ან რაღაც გამოსავალი არ მოიძებნა, ტრაგედია დატრიალდება. ამ მოასფალტებულ გზაზე უაზროდ დაქრიან, ერთმანეთს ვერ ხედავენ საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანები. უნდა გატარდეს ამ საფრთხის თავიდან ასაშორებელი ღონისძიება”.

“ხელოვნური იქნება თუ სხვა რამ, რაც სიჩქარის შემზღუდველ ბარიერად დაფიქსირდება, ჩვენთვის სულერთია. ახალგაზრდებს სიცოცხლე გვინდა. მხოლოდ სკოლასთან არის ერთი ბარიერი და ერთიც – მაღაზიასთან. პასუხისმგებლობა ისეც უნდა გააჩნდეს ადამიანს, მძღოლს, რომ სოფლის გზაზე ასე არ იაროს. დადიან ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები… ყველამ, ფეხით თუ მანქანით მოსიარულემ მშვიდად, ნელა უნდა იმოძრაოს,” – აგრძელებს საუბარს მარიამ დოლიძე და ამ პრობლემას დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად მიიჩნევს.

“გურია ნიუსი” ესაუბრა ლევან კილაძეს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია მელექედურიდან და სოფლის პრობლემების ირგვლივაც საქმის კურსშია. მან დაგვიდასტურა, რომ სოფელში უწყლობა პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ორ უბანში, სადაც მალე დაიწყება ჭაბურღილების დადგმა:

“განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში აწუხებს მოსახლეობას უწყლობა. მდინარის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ოჯახებშიც კი, სადაც ჭები აქვთ, მაინც წყლის სიმცირეა. რაც შეეხება ქალბატონ ნანული მხეცაძის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მდებარე დატბორილ ფართობს, ესეც სინამდვილეს შეეფერება. თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მალე გამოიყოფა ტრაქტორი და შესაბამისი ბრიგადა, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს და გაიჭრება კალაპოტი ისე, რომ წყალი გაატაროს და ოჯახს საფრთხე არ შეექმნას”.

რაც შეეხება ახალგაზრდების მოთხოვნას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხელოვნური ბარიერების მოწყობის თაობაზე, კილაძე ამბობს, რომ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოება თითოეული მძღოლის პროფესიონალიზმსა და თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

“ზოგადად, სამანქანე, კაპიტალურად გამართულ გზაზე მოძრაობა დამოკიდებულია მძღოლის პროფესიონალიზმზე, თითოეული მოქალაქის თვითშეგნებაზე. ფიზიკურად არ მოხერხდება და არც რომელიმე საგზაო წესი თუ კანონი ითვალისწინებს იმას, რომ სოფლის გზებზე, მოსახვევებში დაიდგას სარკეები ან დამცავი ჯებირები. სადაც საჭიროა, იქ არის გაკეთებული. მთავარი ისაა, ერთმანეთს მოერიდონ, როგორც ფეხით, ისე მანქანით მოსიარულეები და ჰქონდეთ მაღალი თვითშეგნება. მართლაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, სამწუხარო ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ. თუმცა, ვიმეორებ, აქ მთავარია თვითშეგნება. ისე კი, ჩვენ მზად ვართ, ახალგაზრდებთან როგორც ამ, ისე სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, პრობლემებზე სასაუბროდ, – განაცხადა ლევან კილაძემ.